weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა

16:30 ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა. IFES-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თამარ ჟვანიას 21-წლიანი გამოცდილება აქვს არჩევნების სფეროში, 2013 წლიდან 2021წლამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩენო კომისიის თავმჯდომარე და მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ექვსი არჩევნები, მათ შორის, საპრეზიდენტო, საპარლამენტო და მუნიციპალური.

20 ოქტომბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამასთან დაკავშირებით თამარ ჟვანია უზბეკეთში იმყოფება და 15 ოქტომბერს, IFES-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის უფროს მენეჯერ ენტონი ბოიერთან ერთად, უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„8 წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და კარგად მესმის არჩევნების ენა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნების ჩასატარებლად უზარმაზარი სამუშაოა შესრულებული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე.

მანვე აღნიშნა, რომ IFES-ი ითანამშრომლებს უზბეკეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო პროცესების სხვა მონაწილე მხარეებთან, მათ შორის მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, ახალგაზრდულ და შშმ პირების ორგანიზაციებთან.

„ეს თანამშრომლობა დაიწყება ამ არჩევნების შემდეგ და გაგრძელდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მომზადების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას, ამომრჩევლის აქტიურ მონაწილეობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას“, – თქვა ჟვანიამ.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2021 წლის 30 ივნისს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე გადადგა.

„იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ 30 ივნისს.

ჟვანიას გადადგომას ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაზეც პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა აეღო. 21 ივნისს, გადადგომამდე 9 დღით ადრე, პარლამენტში მყოფმა თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, თუმცა არჩევნები არ გაყალბებულა. იმავე დღეს მან თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]